ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 140-ე სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებაში განიხილა ლექციონარის ქართული ხელნაწერები – პარიზული (BnF #3, X-XIსს.) და ე.წ. „ბაღვაშების“ დაზიანებული ხელნაწერი (ხეც, Q 1376, XI ს.), რომლებიც ლიტანიის ზოგადი განგების მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავების სხვადასხვა რაოდენობასა და მონაკვეთს შეიცავს.
პარიზულმა ხელნაწერმა ლიტანიის მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავების შევსებული ვარიანტი შემოინახა, ხოლო „ბაღვაშების“ ლექციონარმა კი მისი მოკლე სახე. ეს განსხვავება, შესაძლოა, ლიტანიის ზოგადი განგების თანდათან ჩამოყალიბებასა და საკითხავებით შევსებაზე მეტყველებდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ვრცელსა და მოკლე ვერსიებს, საჭიროების შესაბამისად, თანადროულად ეარსება.
მოხსენების მიზანი იყო, ეჩვენებინა, ერთი მხრივ, ამ ორ ხელნაწერში დაცული ლიტანიის ზოგადი განგების „ათორმეტ წინასწარმეტყველთა“ საკითხავების შედგენილობა და სტრუქტურა, მათი ურთიერთ – და მთლიან კანონთან მიმართება, ხოლო, მეორე მხრივ, განგებაში მოტანილი საკითხავების სრული ტექსტების ბიბლიის თარგმანთან მიმართება.