ღონისძების ფარგლებში შედგა ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული სომხური ხელნაწერების საუკეთესო ნიმუშები. ეს ნიმუშები ნათლად ასახავს სომხური წერილობითი კულტურის ისტორიულ განვითარებას, მის მხატვრულ თავისებურებებსა და ტექსტუალურ მრავალფეროვნებას.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელმა და წიგნის ერთ-ერთმა შემდგენელმა დალი ჩიტუნაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დავით ტერ-მკრტჩიანი, თბილისში ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი გოჰარ მხითარიან-მაზმანიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი, საქართველოში სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი ლევონ ჩიდილიანი. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანმა დავით ტერ-მკრტჩიანმა ისაუბრა ამ ტიპის გამოცემების მნიშვნელობაზე და ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავების და კულტურული ურთიერთობების აუცილებლობაზე. გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა, ვან ბაიბურთმა გაიხსენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი არმენოლოგის, ილია აბულაძის საქმიანობა და აღნიშნა მისი დამსახურება ქართული არმენოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებისა და სომხურ-ქართული ურთიერთობების კვლევის საქმეში.
საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს წიგნის რედაქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა ნათია ჩანტლაძემ, კათედრის მკვლევარმა და მოწვეულმა პროფესორმა ნინო აფციაურმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ნესტან ჩხიკვაძემ.
პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნა საგანგებოდ მომზადებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სომხური ხელნაწერების კოლექციიდან შერჩეული უნიკალური მასალა.
გამოცემის შემდგენლები არიან: ხათუნა გაფრინდაშვილი, დალი ჩიტუნაშვილი, ირმა ხოსიტაშვილი.