კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TİKA) თანამშრომლობითა და მისი ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა პროექტი „ცენტრში დაცული თურქულენოვანი ხელნაწერი მასალის დაცვისა და კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები: არსებული გამოცდილება და თანამშრომლობის პერსპექტივები“.
პროექტი მიზნად ისახავდა არსებული გამოცდილების გაზიარებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის სიძველეთსაცავებში დაცული თურქულენოვანი ხელნაწერების დაცვის, კონსერვაცია-რესტავრაციის, პრევენციული ღონისძიებებისა და მასალის სტრუქტურული კვლევის მიმართულებით. პროექტი ორ ფაზად განხორციელდა — ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (თბილისი) და სტამბოლის საცავებში.
პროგრამა მოიცავდა თურქი სპეციალისტის, ფათმა ნიჰან აიჰანის, ვიზიტსა და პრაქტიკული სემინარების ჩატარებას თბილისში, ასევე ცენტრის რესტავრატორების მივლინებას თურქეთში, კონსერვაციისა და რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
სტამბოლში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ექვსი თანამშრომელი ესტუმრა რამის ბიბლიოთეკას, სულეიმანიეს ხელნაწერთა საცავსა და შესაბამის ლაბორატორიებს. სამუშაო სემინარები დაეთმო შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: ხელნაწერთა პრევენციულ დაცვასა და გაციფრულებას, დოკუმენტირებას, კინძვასა და ყდის რესტავრაცია-კონსერვაციას, კაპტალის ქსოვას, გამოყენებულ მასალებს, ქაღალდის ღებვასა და სხვა თემებს. პრაქტიკულ სამუშაოებს უძღვებოდნენ ადგილობრივი სპეციალისტები.
პროექტი მნიშვნელოვანი და შედეგიანი აღმოჩნდა ცენტრის რესტავრატორებისთვის. მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ აღმოსავლური ხელნაწერი მასალის კონსერვაცია-რესტავრაციის უახლეს მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს, ასევე გაეფართოებინათ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. აღნიშნულმა პროექტმა გააძლიერა პროფესიული კომპეტენციები და გამოკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.