დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერის ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თამარ ოთხმეზურმა, რომელმაც გაიხსენა ელენე მეტრეველის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელოვან წვლილზე ქართული ხელნაწერთმცოდნეობის განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერების – ლილი ხევსურიანის, ლალი ჯღამაიას და ცაცა ჭანკიევის – საარქივო მასალების მიმოხილვა. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების კონსულტანტმა ლელა ხაჩიძემ წარმოადგინა საარქივო მასალის ზოგადი მიმოხილვა და ყურადღება გაამახვილა არქივში დაცულ მიქაელ მოდრეკილის იადგარის ტექსტებზე, განსაკუთრებით მის სააღდგომო ნაწილზე და მის გამოსაცემად მომზადებაზე. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა დეტალურად განიხილა მიქაელ მოდრეკილის იადგარის სათვეო ნაწილი და მისი მნიშვნელობა ქართული ლიტურგიკული ტრადიციის შესწავლისთვის. სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა თამაზ კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა არქივში დაცული ლექციონარის გამოცემის პროცესზე, ასევე, ლილი ხევსურიანის მიერ აღწერილი იერუსალიმური ხელნაწერების გამოცემის მნიშვნელობაზე.