კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა რუსუდან გვარამიას სახელობის მეოთხე სამეცნიერო სემინარი.
კვლევის მიზანი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ სპარსულ ხელნაწერთა ლოკალური კოლექციის ნიმუშების, თბილისში გადაწერილი ისტორიული შინაარსის კოდექსების - მირზა მოჰამმად მეჰდი ხან ასტრაბადის „ნადერის ისტორიის“ ნუსხებისა და მუაჰად სადეყ იბნ მოჰამად თიფლისის ნაშრომის „დიდებული ამირ-ზადეს, იბრაჰიმ ხანის ნადირობის წიგნის“ კოდიკოლოგიური, ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი კვლევა.
აღნიშნული ხელნაწერი წიგნების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, რომ წარმოდგენა შეგვექმნას XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში არსებული სპარსული სამწერლობო კერისა და იქ გადაწერილი და შექმნილი სპარსული ხელნაწერი მემკვიდრეობის კულტურულ და სამეცნიერო მნიშვნელობაზე.
საგრანტო პროექტით გათვალისწინებული კვლევის ფარგლებში ქართულად ითარგმნა მირზა მეჰდი ხან ასთარაბადის „ნადერის ისტორიის“ ცნობები საქართველოსა და ქართველების შესახებ და მოჰამად სადეყ თიფლისის ნაშრომი, „დიდებული ამირ-ზადეს, იბრაჰიმ ხანის ნადირობის წიგნი“.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.