დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia (გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში). ღონისძიება, რომელიც 2021 წლიდან ტრადიციულად იმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მიმდინარე თანამედროვე კვლევების, სამეცნიერო სიახლეების, გამოწვევებისა და პრობლემების წარმოჩენას, მათ გარშემო აკადემიური დისკუსიის წახალისებას და დარგის შემდგომ განვითარებას. კონფერენცია მიეძღვნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერის, ისტორიის დოქტორ თამაზ გოგოლაძის ხსოვნას.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მრავალფეროვან მიმართულებებს, მათ შორის: ისტორიასა და არქეოლოგიას, არქივთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიას, ეპიგრაფიკას, ტექსტოლოგიასა და კოდიკოლოგიას, ციფრულ ჰუმანიტარიას, ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიას, რესტავრაციას, ენათმეცნიერებას, ენასა და ლიტერატურას, ასევე კულტურული იდენტობებისა და სოციალური თეორიების კვლევებს.
კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის როგორც გამოცდილი მკვლევრების, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ გააცნონ საზოგადოებას საკუთარი კვლევები, განიხილონ მიმდინარე ტენდენციები და იმსჯელონ ჰუმანიტარულ დარგებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციის მეორე ნაწილი გაიმართა ღონისძიების მხარდამჭერ ინსტიტუციაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.