აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი შეიცავს უნიკალურ, მრავალდარგოვან და მულტიკულტურულ კოლექციებს, რომლებშიც თავმოყრილია სპარსული, თურქული, არაბული, სომხური, ებრაული, სირიული და ეთიოპური ხელნაწერები. კოლექციები ასახავს მრავალსაუკუნოვან სულიერ, ლიტერატურულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საქმიანობასა და კულტურულ ურთიერთობებს. მათში წარმოდგენილი ხელნაწერი მემკვიდრეობა საშუალებას გვაძლევს დოკუმენტურად შევისწავლოთ აღმოსავლური ქვეყნების ისტორია, მეცნიერება, რელიგია, ხელნაწერი კულტურა და განათლების ტრადიციები.
აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი
აღმოსავლურ ფონდში თავმოყრილია სპარსული, თურქული, არაბული სომხური, სირიული, ებრაული, ეთიოპური ხელნაწერები:
•K კოლექცია – XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯამშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირადი კოლექცია;
•L კოლექცია – ადგილობრივი კოლექცია; მოიცავს ხელნაწერებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან. კოლექცია მზარდია და, ნაწილობრივ, შეიძენილია კერძო პირებისგან.
•AC კოლექცია – შუააზიური კოლექცია; მასში წარმოდგენილია დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთელის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და სხვა კულტურულ ცენტრებში შეგროვილი ხელნაწერები
არაბული ხელნაწერები (ArK, ArL, ArAC)
არაბულენოვანი კოლექცია მოიცავს ათასზე მეტ ხელნაწერს, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XIV–XIX საუკუნეებით შემოიფარგლება. წარმოდგენილ ხელნაწერებში დაცულია სასწავლო-სქოლასტიკური, გრამატიკის, ლოგიკის, რიტორიკის, მისტიკის, ასტრონომიის, მათემატიკის, მედიცინისა და მეცნიერების სხვა დარგების შრომები. არაბული და აღმოსავლური ფონდის ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერია 1295 წლით დათრიღებული ყურანის განმარტებები (ArL 159). განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იბნ სინას “მედიცინის კანონი” (ArK9, XIV ს.), ისმაილ ალ-ჯავჰარის განმარტებითი ლექსიკონის ორი ტომი (ArK1, ArK2, 1495 წ.), ას-სუფის ასტრონომიული ტრაქტატი „თანავარსკვლავედების წიგნი“ (ArAC 650, XVIII ს.).
ფონდი მდიდარია რელიგიური და მუსლიმური სამართლის წიგნებით: მუჰამედ ბენ ალ-ბუხარის მიერ შედგენილი ჰადისების ადრეული კრებული (ArL 325, IX ს.), აჰმად აშ-შაიბანის ყურანის კომენტარი (ArL-159, XIII ს.).
კოლექციაში დაცულია უძველესი, ქუფური შრიფტით შესრულებული „ყურანის“ ნაწყვეტი (ArFr 9/ა), რომელიც X ს-ით თარიღდება და რამდენიმე საგანგებოდ მოხატული ნუსხა (ArL148, ArL149, ArL150, XVII-XIX სს.), რომლებიც ირანული წარმოშობისაა.
თურქული ხელნაწერები (TurL, TurK, TurAC)
თურქულენოვანი კოლექცია შედგება რამდენიმე ასეული ხელნაწერის, მათ შორის ოსმალური, აზერბაიჯანული, თურქმენული და უზბეკური ნიმუშებისაგან. მასალა წარმოდგენილია შერეულ კრებულებშიც - არაბულენოვან და სპარსულენოვან ხელნაწერებში. ქრონოლოგიურად ნუსხები განეკუთვნება XV-XIX სს-ებს. საგანგებოდაა აღსანიშნავი თურქულენოვან ავტორთა პოეტური ნიმუშები: ალიშერ ნავოის თხზულებები (TurK 36, 1526 წ.), აზერბაიჯანელი პოეტის ფუზულის ნაწარმოებების შემცველი ნუსხები (TurL 50, XIX ს.), ასეეევე, ცნობილი შუააზიური საგმირო ეპოსის „ქორ ოღლის წიგნის“ სრული ვერსია (TurL140, XIX ს.).
კოლექციაში დაცულია ისტორიული და სამეცნიერო შინაარსის შრომები: ოსმალო მოხელეების მიერ 1595 წელს შესრულებული სამხრეთ საქართველოს აღწერის დოკუმენტი - „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (TurL1), ბედრ ედ-დინის ვეტერინარული თხზულება, რომელიც შეიცავს 36 მინიატურას (TurL77, 1787წ.), თურქულენოვანი ხელნაწერია კოლექციაში დაცული ძველი მონღოლური ნუსხა ბუდიზმის მიმდევარი სასულიერო პირის გენეალოგიით.
სპარსული ხელნაწერები (PL, PK, PAC)
სპარსულ ხელნაწერთა კოლექცია მოიცავს 800-ზე მეტ ნიმუშს, დათარიღებულს XV–XIX საუკუნეებით. მასში წარმოდგენილია საერო ლიტერატურის, ისტორიული, საღვთისმეტყველო, სამეცნიერო შინაარსის (ასტრონომიული, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო) შინაარსის თხზულებების შემცველი ხელნაწერები: XV საუკუნის ცნობილი ასტრონომის ულუღბეგის ასტრონომიული ტრაქტატი „ზიჯი“ - „ვარსკვლავთა კატალოგი“ (PL 612), სპარსული „ჯავაჰერ-ნამეები“ (ტრაქტატები ძვირფას თვალთა შესახებ), ქიმიის ენციკლოპედიის ორი ტომი (PK 111, 114).
განსაკუთრებით მდიდარია ფონდი პოეტური ნიმუშებით, კლასიკური სპარსული პოეზიის ატორების კრებულებითა და ცალკეული ნაწარმოებებით. მათგან საგანგებო ყურადღებას იმსახურებს მინიატურებით ილუსტრირებული და დეკორირებული მაღალმხატვრული ხელნაწერი ნიმუშები: ნიზამი განჯელის პოეტური კრებული (PAC458, 1428), ჯელალ ედ-დინ რუმის „მესნევი“ (PL196, 1473 წ.), ფირდოუსის „შაჰ-ნამე“ (PL582, XVI ს.), საადის „ბუსთანი“ (PL 748, 1527წ.). აღნიშნული მასალა წაროადგენს თემურიდების პერიოდის, შირაზის, ჰერათისა და ისფაჰანური სკოლების, ყაჯარული ხანის სამიანიატურო და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს.
სომხური ხელნაწერები (ARM)
სომხურ ხელნაწერთა კოლექცია მოიცავს 311 ხელნაწერს, შესრულებულს ძველ (გრაბარ) და ახალ სომხურ (აშხარაბარ) ენებზე. სომხური ფონდი მდიდარია სასულიერო შინაარსის კრებულებით: ჰაგიოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური და დოგმატური ხელნაწერები, გვხვდება, ასევე, ისტორიული, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკული მასალა. ხელნაწერებს შორის უძველესად ითვლება VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ქართულ-სომხური პალიმფსესტი (A-491), რომლის ქვედა ფენა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორიის“ ერთ-ერთი უძველესი ნუსხის ფრაგმენტს წარმოადგენს. სომხურ ხელნაწერთა კოლექციაში უხვად არის წარმოდგენილი სომეხი ავტორების – გრიგოლ ნარეკელის, ნერსეს შნორალის, მხითარ გოშის, გრიგოლ ტათეველისა და სხვათა ორიგინალური თხზულებების შემცველი კრებულები.
ყველაზე ადრეული თარიღიანი სომხური ოთხთავი 1307 წლით თარიღდება (Arm-18). განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს 1329 წელს კილიკიაში გადაწერილი საგალობელთა კრებული (Arm-173). გამორჩეულია, ასევე, ყირიმში 1358 წ. გადაწერილი გრიგოლ ნარეკელის „გოდებათა წიგნი“ (Arm-34) და სხვ.
სომხურ ხელნაწერთა კოლექცია ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კულტურის მქონე ხალხის საინტერესო ისტორიას ინახავს.
ებრაული ხელნაწერები (HEBR)
ებრაული კოლექცია მოიცავს X–XIX საუკუნეების ნიმუშებს, რომლებიც ძირითადად ეტრატზეა შესრულებული. ფონდში დაცულია ბიბლიური წიგნები, თორები, ესთერის წიგნის განმარტებები, ლოცვები და XVI საუკუნის ნაბეჭდი გამოცემები ფსალმუნების კომენტარებით. განსაკუთრებული ნიმუშია X–XI საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი, ლაილაშის ბიბლია, რომელიც შეიცავს კომენტარებს და შემკულია დეკორით. იგი მნიშვნელოვანი წყაროა წმიდა წერილის, მოსეს ხუთწიგნეულის, ებრაული ტექსტის ახალი გამოცემისთვის.
სირიული ხელნაწერები (Syr)
სირიული კოლექცია შედგება XVIII–XIX საუკუნეების რამდენიმე ნიმუშისგან, ძირითადად, ლოცვების, ავგაროზებისა და ლიტურგიკული ტექსტებისგან. ერთ-ერთი ხელნაწერი (Syr 2) გამოირჩევა მხატვრული გაფორმებით, წნული ჯვრის, მახარებლებისა და წმინდანების მინიატურებით, მათ შორის, ხალხური მანერით შესრულებული წმინდა გიორგის გამოსახულებით. ტრადიცია წინაქრისტიანულ პერიოდს უკავშირდება. ერთ-ერთი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერი ლოცვებსა და აღმოსავლურ-სირიული რიტუალის მოსახსენებელ წირვებს შეიცავს (Syr 3).
ეთიოპური ხელნაწერი (ETH)
ეთიოპური ნუსხა X საუკუნითაა დათარიღებული, შესრულებულია ეტრატზე და შეიცავს ფსალმუნის ტექსტს.